„ასტანას“ მწვრთნელი გრიგორი ბაბაიანი - „დინამოსთან“ დაპირისპირებაში ჯერ არაფერია გადაწყვეტილი #1TVSPORT
ყაზახეთის ჩემპიონის, „ასტანას“ მთავარმა მწვრთნელმა, გრიგორი ბაბაიანმა „დინამო თბილისთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაზე (1:1) კომენტარი გააკეთა და განმეორებითი თამაშის წინ თავისი გუნდის შანსები შეაფასა.
„სიცხე იყო და მაღალ დონეზე თამაში ამის გამოც გაგვიჭირდა. საწყისი 15 წუთი კარგად ჩავატარეთ და გოლიც გავიტანეთ. სამწუხაროდ, მე-15 წუთზე იძულებითი შეცვლა მოგვიხდა, რამაც, გარკვეულწილად, ჩვენზე ცუდად იმოქმედა.
ზოგადად, პირველი ტაიმი „ასტანას“ უპირატესობით მიმდინარეობდა, გვქონდა მომენტები, მაგრამ მეორე ტაიმის ზოგიერთ ეპიზოდში წარუმატებლად ვითამაშეთ და გოლი გავუშვით.
საერთოდ, ორმატჩიან დაპირისპირებაში სიფრთხილეა საჭირო და ხშირად დაცვაზე ფიქრობ, ნებისმიერ გოლს შეუძლია, რიტმიდან ამოგაგდოს. ჩვენ კარგი მომენტები შევქმენით, თუმცა მათი რეალიზება ვერ მოვახერხეთ. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, შანსები თანაბარია“, – განაცახდა „ასტანას“ მთავარმა მწვრთნელმა.
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი „დინამო თბილისსა“ და „ასტანას“ შორის 19 ივლისს თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება. ამ დაპირისპირების გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე ზაგრების „დინამოსთან“ (ხორვატია) ითამაშებს.