„ასტანას“ მთავარი მწვრთნელი - „დინამო თბილისთან“ სახლში ვთამაშობთ და უნდა მოვიგოთ #1TVSPORT
„ასტანას“ მთავარმა მწვრთნელმა, გრიგორი ბაბაიანმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და ყაზახეთის ჩემპიონის შანსები შეაფასა.
„რა თქმა უნდა, ძალიან რთულ მატჩს ველით და „დინამო თბილისის“ ძალაც ვიცით. მეტოქის თამაში შევისწავლეთ, ესაა გუნდი სერიოზული მოთამაშეებით. „დინამომ“ ცოტა ხნის წინ საქართველოს სუპერთასი მოიგო და სათამაშო ტონუსშია. ამავდროულად, გვესმის, რომ სახლში, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ვითამაშებთ.
თამაშამდე ასტანაში აჟიოტაჟია. ხალხს უნდა გუნდის მხარდაჭერა და იმედი მაქვს, სტადიონი სავსე იქნება. ვიმედოვნებ, მეტოქე არაკომფორტულად იგრძნობს თავს, ისეთ ატმოსფეროს შეუქმნიან გულშემატკივრები. ვფიქრობ, შანსები თანაბარია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სახლში ვთამაშობთ, უნდა მოვიგოთ.
ორგანიზებულად უნდა ვიმოქმედოთ. წინ ვერ გავიქცევით, რადგან „დინამოს“ ძალიან ძლიერი შემტევები ჰყავს, დაცვაში კი დისციპლინა დაგვჭირდება. „დინამოსთან“ ორი მატჩი გველის და რაციონალურად უნდა განვსაჯოთ ყველაფერი. იმედი მაქვს, გულშემატკივრების დახმარებით დადებითი შედეგის მიღწევას შევძლებთ“, – განაცხადა ბაბაიანმა.
მოახლოებულ თამაშზე კომენტარი გააკეთა „ასტანას“ მცველმა, გუნდის კაპიტანმა, აბზალ ბეისბეკოვმა: „ჩვენი გუნდი ამ შეხვედრას წლის დასაწყისიდან ელოდება. ორი დღის განმავლობაში ვსწავლობდით „დინამო თბილისის“ მატჩებს. შემიძლია ვთქვა, რომ ბიჭები ხვალინდელი დაპირისპირებისთვის სრულ მზადყოფნაში არიან. ბევრმა ჩვენგანმა ითამაშა კარგ ევროპულ ჩემპიონატებში და გამოცდილება ნამდვილად გვაქვს. არავისი გვეშინია და მხოლოდ შევუტევთ“.
„ასტანასა“ და „დინამო თბილისის“ თამაში 12 ივლისს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.