Associated Press – ისლამისტური მოძრაობის, „მუსლიმური საძმოს“ წევრობის ბრალდებით, ეგვიპტის ხელისუფლებამ ქვეყნის ერთ-ერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალების მთელი რედაქცია დააკავა
ეგვიპტის ხელისუფლებამ ქვეყნის ერთ-ერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალების მთელი რედაქცია დააკავა.
Associated Press-ის ცნობით, ხელისუფლება Matsadaash-ის ექვს ჟურნალისტს ისლამისტური ორგანიზაციის, „მუსლიმური საძმოს“ წევრობაში ადანაშაულებს.
ეგვიპტე „მუსლიმურ საძმოს“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.
ამასთან, ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტრომ Matsadaash (არაბულად „არ დაიჯერო“) არალიცენზირებულ გამოცემად გამოაცხადა, რომელსაც საზღვარგარეთიდან „მუსლიმური საძმო“ მართავს.
Matsadaash-ის თანადამფუძნებელმა, აბდელრაჰმან მანსურმა, რომელიც ამჟამად ეგვიპტის ფარგლებს გარეთ იმყოფება, ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ არც მას და არც დაკავებულთა ოჯახებს წარმოდგენა არ აქვთ, სად იმყოფებიან ისინი ამჟამად.
მისივე თქმით, პირველი დაკავება ორშაბათს საღამოს მოხდა, როდესაც პოლიციამ ჟურნალისტ აბდალა კადრის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დანარჩენი ხუთი თანამშრომელი სამშაბათს დააკავეს.
ყველა ჟურნალისტს მობილური ტელეფონი და კომპიუტერი ჩამოართვეს.
ადამიანის უფლებათა დამცველი ადგილობრივი ორგანიზაციის განცხადებით, ექვსივე ჟურნალისტის ადგილსამყოფელი უცნობია. 80-ზე მეტმა საერთაშორისო და რეგიონულმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ და დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ მოუწოდა ეგვიპტის ხელისუფლებას, ჟურნალისტები გაათავისუფლოს.
Matsadaash 2018 წელს დაარსდა, როგორც ფაქტების შემოწმების პლატფორმა. მოგვიანებით, მისი საქმიანობა საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებით განვითარდა. მედიასაშუალების ვებგვერდი ეგვიპტეში დაბლოკილია, მაგრამ მის „ფეისბუ“ გვერდს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
„მუსლიმური საძმო“ ეგვიპტეში 1928 წელს გაჩნდა, როგორც სოციალური და რელიგიური მოძრაობა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ბრიტანეთის კოლონიურ მმართველობას. შემდგომში ორგანიზაცია სუნიტურ მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ისლამისტურ მოძრაობად იქცა.