ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელები – კრისტიან პულიშიჩი და სესარ ასპილიკუეტა ვერ ითამაშებენ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალს „ბაიერნის“ წინააღმდეგ. ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლემპარდმა თქვა ინგლისის თასის ფინალის შემდეგ.
ლემპარდის სიტყვებით, ორივე მოთამაშემ მუხლის ტრავმა მიიღო და ისინი მომავალ კვირას „ჩელსის“ „ბაიერნთან“ შეხვედრისას ვერ დაეხმარებიან.
ასპილიკუეტამ დაზიანება პირველი ტაიმის შუაში მიიღო და მისი შეცვლა აუცილებელი გახდა. პულიშიჩი მეორე ტაიმის დებიუტშივე დაშავდა და ვერც მან გააგრძელა თამაში.
„ბაიერნისა“ და „ჩელსის“ საპასუხო მატჩი მიუნხენში 8 აგვისტოს გაიმართება. პირველი მატჩი გერმანიის ჩემპიონმა ანგარიშით 3:0 მოიგო.