„ასოშიეითიდ პრესი“ - აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა შუამავლებს „მკაფიო გარანტიები“ მისცეს, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და ირანის პარლამენტის სპიკერი სამიზნე არ გახდებიან
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა შუამავლებს „მკაფიო გარანტიები“ მისცეს, რომ, ირანის ომის შესაჩერებლად მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი და ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაგერ ყალიბაფი მიზანში ამოღებული არ იქნებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეითიდ პრესი“ აშშ-ის ორ ოფიციალურ პირსა და საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულ ერთ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ პაკისტანმა ვაშინგტონს სთხოვა ჩარევა, რათა ისრაელს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის სპიკერი სამიზნეთა სიიდან ამოეღო.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისს და ისრაელის სამხედრო უწყებას ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ამასთან, მედიაციის პროცესში ჩართულმა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ აღნიშნული გარანტიები სხვა რეგიონული შუამავლების მოთხოვნითაც გაიცა, რათა ირანთან კომუნიკაცია გამარტივებულიყო და არაპირდაპირი მოლაპარაკებებისთვის ხელი შეეწყო.
მედიის ცნობით, საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულმა სპარსეთის ყურის ერთ-ერთმა დიპლომატმა განაცხადა, რომ აშშ-ის გარანტიები „გადამწყვეტი“ იყო იმის უზრუნველსაყოფად, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, სპიკერი ან მათი გუნდები ლიკვიდაციის სამიზნე არ ყოფილიყვნენ.