„ასოშიეითედ პრესი“ - საქართველომ, როგორც დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ, მოიპოვა უფლება, საკუთარი საფეხბურთო ისტორია დაწეროს გერმანიაში
„ასოშიეითედ პრესი“ - საქართველომ, როგორც დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ, მოიპოვა უფლება, საკუთარი საფეხბურთო ისტორია დაწეროს გერმანიაში

საქართველოს ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა სააგენტო „ასოშიეითედ პრესი“. „საქართველოს აღზევება“ – ასეთი ქვესათაური აქვს სტატიას, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართველი მოთამაშეები ადრეც გახდნენ ევროპის ჩემპიონები – კერძოდ, საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 1960 წელს.

„ახლა საქართველომ, როგორც დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ, მოიპოვა უფლება, საკუთარი საფეხბურთო ისტორია დაწეროს გერმანიაში“, – წერს „ასოშიეითედ პრესი“.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნაკრები და მისი ვარსკვლავი, ფორვარდი ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტები იქნებიან. საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირებას „ასოშიიეთედ პრესი“ აფასებს, როგორც „დაძაბულსა და გამომცდელს“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ გამარჯვების გოლი პენალტების სერიაში შეცვლაზე გამოსულმა ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა, „ეს იყო იდეალური დარტყმა ქვედა კუთხეში“, – აღნიშნულია სააგენტოს სტატიაში.

ასევე, ხაზგასმულია ისიც, რომ საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა საბერძნეთის ნაკრების კაპიტნის მიერ დარტყმული პირველი პენალტი მოიგერია. სტატიაში ნათქვამია, რომ პირველ თამაშს ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი საქართველოს ნაკრები 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 22 ივნისს ქართველი ფეხბურთელები ჰამბურგში დაუპირისპირდებიან ჩეხებს, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები პორტუგალიის ეროვნულ გუნდს გელზენკირხენში დაუპირისპირდება. „ასოშიეითედ პრესი“ იმასაც წერს, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელისთვის გერმანიის სტადიონები ძალიან კარგად არის ცნობილი, რადგანაც ვილი სანიოლი წლების განმავლობაში წვრთნიდა მიუნხენის „ბაიერნს“.