ასი ათასი მოწამის ხსენების დღე - პარაკლისი მეტეხის ხიდზე [ფოტო-ვიდეო]
20:03, 13.11.2018
მეტეხის ხიდზე, იმ ადგილას, სადაც რვა საუკუნის წინ, გადმოცემის მიხედვით, სარწმუნოებისთვის თავდადებულ ასი ათას ქრისტიანს თავი მოკვეთეს და მტკვარში გადაყარეს, დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა. პარაკლისის დაწყებამდე ილია მეორემ შეკრებილებს დღევანდელი დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ესაუბრა და მრევლს ლოცვისა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.
საზეიმო პარაკლისის დაწყებამდე ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ორგანიზებით მეტეხის ხიდზე თეატრალური პერფორმანსი გაიმართა. მსახიობებმა მეცამეტე საუკუნეში განვითარებული მოვლენები, ჯალალედინის მიერ თბილისის აოხრების ეპიზოდები გაიხსენეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ შეკრებილ მოქალაქეებს მთავრობის მეთაურმა და დედაქალაქის მერმაც მიმართეს. მსახურების დასრულების შემდეგ, სიმბოლურად მტკვარში ყვავილების გვირგვინი ჩაუშვეს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსოვნის დღეს ყოველი წლის 13 ნოემბერს აღნიშნავს. ტრადიციულად, პარაკლისი და საზეიმო ღონისძიება მეტეხის ხიდზე იმართება. ეს ხიდი ასი ათასი მოწამის სახელს 2014 წლიდან ატარებს. ასი ათასი ქართველი მოწამე ჯალალედინის ბრძანებით 1227 წელს აღესრულა, რადგან მათ სარწმუნოების შეცვლასა და ქრისტიანული სიწმინდეების შეურაცხყოფაზე უარი თქვეს.