აშშ-უკრაინის ერთობლივი რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდმა ოთხი შეთანხმება დადო, მათ შორის უკრაინულ კომპანია BGV Group Management-თან პირველი შეთანხმება იშვიათი წიაღისეულის მოპოვების შესახებ

12:15, 03.10.2026

აშშ-უკრაინის ერთობლივი რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდმა (URIF) ოთხი საინვესტიციო შეთანხმება დადო, მათ შორის არის უკრაინულ კომპანია BGV Group Management-თან პირველი შეთანხმება იშვიათი წიაღისეულის მოპოვების შესახებ.

როგორც ცნობილია, მხარეებმა დაახლოებით 70 მილიონი დოლარის ღირებულების რამდენიმე საინვესტიციო პროექტი წარადგინეს. ამასთან, ფონდი კომპანია BGV Group Management-თან ერთად ერთობლივ საინვესტიციო პლატფორმას შექმნის, რომლის მიზანიც ისეთი იშვიათი მინერალების საბადოების მოძიებაა, როგორებიცაა ბერილიუმი და ცირკონიუმი.

მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციის დეტალები დაკონკრეტებული არ არის, „როიტერი“ აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გარიგების ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი დოლარი იქნება.

ამასთან ცნობილი გახდა, რომ ფონდმა ენერგეტიკის სექტორში კიდევ ერთ შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც უკრაინის უმსხვილესი კერძო ენერგოკომპანია DTEK დამატებით ინვესტიციას მიიღებს. ინვესტიციის ფარგლებში კომპანიას კრიტიკული მნიშვნელობის ბატარეების საცავის პროექტისთვის დამატებით კაპიტალზე წვდომას მისცემენ.

„დღევანდელი საბჭოს სხდომა აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდისთვის მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. ეს ინვესტიციები აძლიერებს უკრაინის ენერგეტიკულ მდგრადობას, ავითარებს კრიტიკულ მინერალურ რესურსებს და უჭერს მხარს ინოვაციურ უკრაინულ კომპანიებს. ერთად ეს პროექტები ქმნის საფუძველს უკრაინის ეკონომიკური აღდგენისთვის და აღრმავებს პარტნიორობას ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) აღმასრულებელმა დირექტორმა, ბენ ბლეკმა.

ცნობისთვის, აშშ-სა და უკრაინას შორის  რეკონსტრუქციისა და ინვესტიციების ფონდი 2025 წლის აპრილში გაფორმებული ე.წ. მინერალების შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. ფონდი ფოკუსირებულია ხუთ სტრატეგიულ სექტორზე, მინერალებიდან და თავდაცვიდან დაწყებული ენერგეტიკითა და ინფრასტრუქტურით დამთავრებული.

მსგავსი