აშშ-უკრაინას შორის ენერგეტიკის სფეროში ორი დოკუმენტი გაფორმდა
აშშ-უკრაინას შორის ენერგეტიკის სფეროში ორი დოკუმენტი გაფორმდა

აშშ-ში პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში, აშშ-უკრაინას შორის ენერგეტიკის სფეროში ორ დოკუმენტს მოეწერა ხელი.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშენკომ და აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, ჯენიფერ გრენჰოლმმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ენერგეტიკისა და კლიმატის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

„ეს განცხადება აფიქსირებს აშშ-ის მზადყოფნას, დაეხმაროს უკრაინას უფრო კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე ენერგეტიკული ბაზრების განვითარებაში, მოახდინოს ეკონომიკის დეკარბონიზაცია, აგრეთვე უზრუნველყოს სახელმწიფოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და საექსპორტო პოტენციალი, ამ სექტორის ყოვლისმომცველი გეგმის შემუშავებითა და განხორციელებით, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას ბირთვული ენერგიის, მზისა და ქარის ენერგიის, წყალბადის, ნახშირბადი, ენერგიის დაზოგვის და სხვა ტექნოლოგიურ სფეროებში“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, კომპანია „ენერგოატომის“ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, პიოტრ კოტინმა და კომპანია „Westinghouse Electric“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პატრიკ ფრაგმანმა ხელი მოაწერეს კომპანიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. დოკუმენტი ითვალისწინებს ამ ამერიკული კომპანიის ტექნოლოგიურ ჩართვას ბირთვული რეაქტორის, AP1000-ის პროექტის მშენებლობაში.