აშშ უკრაინას სამხედრო სფეროში მხარდაჭერისთვის დამატებით 250 მილიონ დოლარს გამოუყოფს
აშშ უკრაინას სამხედრო სფეროში მხარდაჭერისთვის დამატებით 250 მილიონ დოლარს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო სფეროში მხარდაჭერისთვის დამატებით 250 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფინანსური მხარდაჭერის პროექტი უკრაინის სამხედრო საზღვაო და სახმელეთო პოტენციალის გაძლიერებას ითვალისწინებს.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სწორედ რეფორმების წყალობით, უკრაინა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დაცვას შეძლებს.

განცხადებაში განმარტებულია, რომ აღნიშნული 250 მილიონი დოლარი დამატებითი სწავლებებისა და აღჭურვილობისთვის არის განკუთვნილი. ამ ხერხით, 2014 წლის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინის სამხედრო სფეროში მხარდაჭერა ჯამში 1,5 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.