აშშ უკრაინას საბიუჯეტო ხარჯების დასაფარად 4,5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს
აშშ უკრაინას საბიუჯეტო ხარჯების დასაფარად 4,5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
კერძოდ, ეს თანხა მოხმარდება საავადმყოფოებისა და სკოლებისთვის საჭირო ელექტროენერგიისა და საწვავის ხარჯების ანაზღაურებას. ასევე, ექიმების, პედაგოგებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეების ხელფასების გაცემას.
აღნიშნულ დაფინანსებას აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი მსოფლიო ბანკის მეშვეობით გასცემს. უკრაინა ამ თანხას რამდენიმე ტრანშად მიიღებს. პირველი მათგანი სამ მილიარდ დოლარს შეადგენს და უკრაინას ის აგვისტოში გადაეცემა.
აშშ-ის მიერ გამოყოფილი თანხა უნდა დაეხმაროს უკრაინის მთავრობას ძირითადი ფუნქციების შესრულებასა და ღარიბი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებისა და მილიონობით იძულებით გადაადგილებული პირისთვის სოციალური და ფინანსური დახმარების გაწევას.