აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გადასცემს
შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულებაც 200 მილიონ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
როგორც ჯონ კირბიმ განმარტა, დახმარების აღნიშნული პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, HIMARS-ის საარტილერიო საბრძოლო მასალას და Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს.
პენტაგონი უკრაინას დამატებით გადასცემს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ასევე შორ მანძილზე მოქმედ და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს.
ცნობისთვის, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ შეერთებულმა შტატებმა 11 ივლისსაც განაცხადა. პაკეტი „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას მოიცავდა.