აშშ-ის სპორტსმენებმა უსაფრთხოების გამო შესაძლოა, ზამთრის ოლიმპიადაზე მონაწილეობა არ მიიღონ
ამერიკის შეერთებული შტატების ოლიმპიურმა ნაკრებმა შესაძლოა, 2018 წლის ზამთრის თამაშებზე მონაწილეობა არ მიიღოს, ამის მიზეზი კი ჩრდილოეთ კორეის გარშემო განვითარებული მოვლენები იქნება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აშშ-ის ელჩის ნიკი ჰეილის განცხადებით, აშშ-ის მთავრობა შეშფოთებულია საკუთარი სპორტსმენების უსაფრთხოების გამო.
„ჩვენ არაფრის გვეშინია და ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობთ. ამერიკელი სპორტსმენებისთვის ოლიმპიადა იქნება შესანიშნავი შანსი აჩვენონ ის, რაზეც დიდი ხანი მუშაობდნენ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ თამაშების დროს მათ უსაფრთხოებაში. უნდა ვიცოდეთ ყველაფერი, რაც მათ გარშემო ხდება.
აძლევს თუ არა აშშ-ის მთავრობა თავის სპორტსმენებს რეკომენდაციას პიონჩანგში გამგზავრებაზე? პასუხი დამოკიდებული იქნება ჩრდილოეთ კორეის მომდევნო მოქმედებებზე”, – განაცხადა ჰეილიმ Mediaite-სთან კომენტარში.