აშშ: შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვებამ, შესაძლოა, ტექნოლოგიური სექტორი ჩამოშალოს

16:49, 06.11.2026
2026 წლის 4 ნოემბერი, შუალედური არჩევნების მეორე დღე - ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე მყოფი ტრეიდერი ცვლილებებზე რეაგირებს

2026 წლის 4 ნოემბერი, შუალედური არჩევნების მეორე დღე - ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე მყოფი ტრეიდერი ცვლილებებზე რეაგირებს

 

შუალედურ არჩევნებზე დემოკრატების მიერ დონალდ ტრამპის პარტიისთვის მიყენებულ გამანადგურებელ მარცხს ინვესტორები თავდაპირველად საკმაოდ დადებითად შეხვდნენ. თუმცა, ძალიან მალე, მათი ენთუზიაზმი შეშფოთებამ შეცვალა. არჩევნების ასეთმა შედეგმა, შესაძლოა, სერიოზული გავლენა მოახდინოს ხელოვნური ინტელექტის სფეროში ინვესტიციების ჩადებაზე, რომლებიც აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად მიიჩნევა.

ხუთშაბათს უოლ-სტრიტზე Nasdaq-ის ინდექსი 5,5 პროცენტით დაეცა. ეს ამერიკის საფონდო ბირჟისთვის ყველაზე ცუდი დღე იყო დონალდ ტრამპის მიერ 2025 წლის აპრილში გამოცხადებული „განთავისუფლების დღის“ შემდეგ. კრიზისი ყველა ლისტინგურ კომპანიას შეეხო: საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის მხოლოდ ერთი სესიის განმავლობაში მათი საბაზრო ღირებულება, ჯამში, 3,2 ტრილიონი დოლარით შემცირდა.

ევროპაში, სადაც ტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე დამოკიდებულება შედარებით ნაკლებია, ვარდნა უფრო ზომიერი იყო. ფრანკფურტისა და ლონდონის საფონდო ბირჟების ინდექსები 0,43 პროცენტით შემცირდა, მილანის ბირჟის მაჩვენებელი კი 1 პროცენტზე ოდნავ მეტით დაეცა, ხოლო პარიზის ბირჟამ ვაჭრობა, საერთოდ, ზრდით დაასრულა. სამაგიეროდ, ვარდნის ტენდენცია აზიაზე აისახა: ტოკიოს საფონდო ბირჟის ინდექსი 5 პროცენტზე მეტით, სეულის კი 7 პროცენტით დაეცა.

კომპანია Nvidia-ს და ე.წ „შესანიშნავ შვიდეულში“ შემავალ სხვა ტექნოლოგიურ გიგანტებს კოლოსალური ზარალი მიადგათ

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული კომპანიების აქციების ფასები მთელ მსოფლიოში მკვეთრად დაეცა. ერთ-ერთი ანალიტიკოსი ვითარებას შეულამაზებლად აფასებს: „დღეს ტექნოლოგიური კომპანიების აქციების სრული ჩამოშლის მომსწრენი გავხდით. ეს ისეთი მასშტაბის ვარდნაა, რომელსაც შეიძლება კაპიტულაცია ვუწოდოთ“.

ნახევარგამტარები და ელექტრონული ჩიპები, რომლებიც მონაცემთა ცენტრების აღჭურვისთვის არის აუცილებელი, ამ ვარდნის პირველ მსხვერპლად იქცნენ. Nvidia-მ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალი საბაზრო ღირებულების მქონე კომპანიაა, ხუთშაბათს აქციების ღირებულების თითქმის 9 პროცენტი დაკარგა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ერთი სავაჭრო სესიის განმავლობაში დაახლოებით 400 მილიარდი დოლარით შემცირდა.

აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტების ჯგუფმა, რომელსაც „შესანიშნავ შვიდეულს“ უწოდებენ და რომელშიც Nvidia, Meta, Alphabet, Microsoft და კიდევ სამი კომპანია შედის, საერთო ჯამში, 800 მილიარდი დოლარი დაკარგა. ამ თანხის მასშტაბის წარმოსაჩენად საკმარისია ითქვას, რომ ის შვედეთის მთლიან შიდა პროდუქტს აღემატება.

დემოკრატები ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ

შუალედური არჩევნების შედეგებს ბაზრები ხელოვნური ინტელექტის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევენ. დემოკრატიული პარტიის რამდენიმე ახალარჩეული წარმომადგენელი, საარჩევნო კამპანიის დროს, მის საარჩევნო ოლქში მონაცემთა დამუშავების ცენტრების მშენებლობის შენელებას, ზოგიერთ შემთხვევაში კი საერთოდ შეჩერებას უჭერდა მხარს. ტეხასში, ჯორჯიაში, მიჩიგანსა და ოჰაიოში, სადაც მონაცემთა დამუშავების ცენტრების არაერთი პროექტის განხორციელება იგეგმება, გაიმარჯვეს კანდიდატებმა, რომლებიც ასეთი მშენებლობების დროებით შეჩერებას მოითხოვდნენ.

მონაცემთა დამუშავების ცენტრების მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ადგილობრივ დონეზე ჩატარებულ რამდენიმე ათეულ რეფერენდუმშიც გაიმარჯვეს. ამან, შესაძლოა, პროექტების ავტორები აიძულოს, რომ საკუთარ გეგმებსა და მიდგომებს გადახედონ. Goldman Sachs-ის ერთ-ერთი ანალიტიკოსის შეფასებით, იმ შტატებზე, სადაც დემოკრატებმა შესაძლოა მშენებლობების შეზღუდვა დააწესონ, აშშ-ში დაგეგმილი მონაცემთა დამუშავების ცენტრების საერთო სიმძლავრის დაახლოებით 45 პროცენტი მოდის. მხოლოდ ტეხასზე ამ სიმძლავრის 25% მოდის.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებიც იმავე ტენდენციაზე მიუთითებს.

ABC News-ის დაკვეთით, Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 66 პროცენტი საკუთარ ქვეყანაში მონაცემთა დამუშავების ახალი ცენტრების მშენებლობის წინააღმდეგია. ეს მნიშვნელოვანი სიგნალია, რომელიც სექტორის მომავალთან დაკავშირებით ინვესტორების შეშფოთებას კიდევ უფრო აძლიერებს.

საფონდო ბირჟაზე „ანთროფიკის“ გასვლას საფრთხე ემუქრება?

ინტელექტის სფეროსა და მონაცემთა დამუშავების ცენტრებში ბოლო წლებში ჩადებული მასშტაბური ინვესტიციები საფონდო ბაზრებისა და აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. ამ ტენდენციის შეცვლას, შესაძლოა, მთელი ეკონომიკისთვის ჯაჭვური შედეგები მოჰყვეს.

ხელოვნური ინტელექტის წამყვანი კომპანია „ანთროფიკი“ საფონდო ბირჟაზე გასვლას 16 ნოემბრის კვირაში გეგმავს. თუმცა, შექმნილი ვითარების გამო, კომპანიამ, საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებისას, შესაძლოა, 1,5 ტრილიონი დოლარის საბაზრო ღირებულებას ვერ მიაღწიოს, რასაც ადრე გეგმავდა, ან ბირჟაზე აქციების განთავსება საერთოდ გადადოს.

ასეთი ვითარება ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე ყველა მსხვილი კომპანიის სამომავლო პერსპექტივებს ეჭვქვეშ აყენებს. ამ სექტორში ჩადებული კოლოსალური ინვესტიციებიდან მოსალოდნელი მოგება ჯერ არ ჩანს. თუ რეგულაციები გამკაცრდება, დასახული მიზნების მიღწევა კომპანიებს კიდევ უფრო გაუჭირდებათ.

რეგულაციების გამკაცრებამ, თუკი ეს მართლა მოხდება, შესაძლოა, დააჩქაროს პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ ოქტომბერში დაიწყო. გასულ თვეში ინვესტორებმა ტექნოლოგიური სექტორიდან კაპიტალის გატანა და სხვა სფეროებში დაბანდება დაიწყეს, რომლებიც მანამდე მათ ყურადღებას მიღმა რჩებოდა. ამდენად, შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვება, შესაძლოა, მსოფლიო ფინანსური ბაზრებისთვის გარდამტეხი ცვლილებების დასაწყისის მომასწავებელი გახდეს.

სტატიის ავტორი: დაიან ბიურგელ-ვერნე, ბელგიის ფრანგულენოვანი ტელე-რადიომაუწყებელი (RTBF – Radio-télévision belge de la Communauté française)

ფოტოს ავტორი: ტიმოთი ა. კლერი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი, 2026 წელი, 10:32 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი