აშშ-ში, ვისკონსინის შტატში საშობაო აღლუმის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა, არის მსხვერპლი
აშშ-ში, ვისკონსინის შტატში საშობაო აღლუმის დროს ავტომობილი ხალხში დიდი სიჩქარით შევარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ უოკეშოში მოხდა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არის მსხვერპლი, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ სახელდება. ინციდენტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანია დაშავებული. საავადმყოფოებში 11 ზრდასრული და 12 ბავშვი გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს და ავტოსაგზაო ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მძღოლი თავდაპირველად პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და ავტომობილის გაჩერების მიზნით სამართალდამცველებმა რამდენჯერმე გაისროლეს.
საგამოძიებო პროცესში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთო.