აშშ-ში უკრაინის ყოფილმა ელჩმა უკანონო გამდიდრების საქმეზე გირაო არ გადაიხადა, აღკვეთის ღონისძიების სახით მას, შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს

18:52, 12.08.2026

აშშ-ში უკრაინის ყოფილმა ელჩმა, ოლგა სტეფანიშინამ უკანონო გამდიდრების საქმეზე უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს მიერ დაწესებული გირაო – 6 მილიონი გრივნა არ გადაიხადა. სტეფანიშინას თანხა 11 აგვისტომდე უნდა შეეტანა.

ახლა უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა უფლებამოსილია, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს და ყოფილი დიპლომატის მიმართ პატიმრობა მოითხოვოს.

უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს სააპელაციო პალატამ 11 აგვისტოს ოლგა სტეფანიშინასგან მიიღო საჩივარი აღკვეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რასაც უახლოეს მომავალში განიხილავენ.

ოლგა სტეფანიშინა ეჭვმიტანილია უკანონოდ გამდიდრებასა და ცრუ დეკლარირებაში. გამოძიების ვერსიით, მან დეკლარაციაში არ მიუთითა კიევის ორი ბინა, რემონტის ხარჯები, საცხოვრებლის ქირა, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, ასევე ავიაბილეთებისა და დედის მკურნალობის ხარჯები.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, ოლგა სტეფანიშინა 3 აგვისტოდან აშშ-ში ელჩის თანამდებობას აღარ იკავებს.

მსგავსი