აშშ-ში უცხო ქვეყნის აგენტობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქე მარია ბუტინა დანაშაულის აღიარებას აპირებს
აშშ-ში უცხო ქვეყნის აგენტობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქე მარია ბუტინა დანაშაულის აღიარებას აპირებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში უცხო ქვეყნის აგენტობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქე მარია ბუტინა დანაშაულის აღიარებას აპირებს. ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია ABC ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ბუტინა გამოძიებასთან თანამშრომლობს და მის ადვოკატებსა და პროკურორს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც, რუსეთის მოქალაქე აღიარებს, რომ აშშ-ში რუსეთის ოფიციალური პირის ხელმძღვანელობთ მოქმედებდა.

ადვოკატებისა და პროკურატურის გარიგებით, ბუტინას წინააღმდეგ წაყენებული ბრალისთვის მაქსიმალური სასჯელი ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთაა. ამასთან, ამერიკული ტელეკომპანია იუწყება, რომ ბუტინამ შესაძლოა, უფრო მსუბუქი განაჩენი მიიღოს, რადგან გამოძიებასთან თანამშრომლობს, შემდეგ კი მოსალოდნელია მისი რუსეთში დეპორტაცია.

ბუტინას საქმეზე სასამართლო განხილვა 12 დეკემბერს არის დაგეგმილი.

მარია ბუტინა ვაშინგტონში 15 ივლისს დააკავეს. მას ბრალად ედება აშშ-ის ტერიტორიაზე რუსეთის მთავრობის სასარგებლო საქმიანობა. ამერიკული სპეცსამსახურების ცნობით, რუსეთის მოქალაქე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში უცხო ქვეყნის აგენტად რეგისტრირებული არ იყო.