აშშ-ში თეთრ სახლზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
აშშ-ში თეთრ სახლზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში თეთრ სახლზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. მას ბრალი უკვე წაუყენეს. Reuters-ის ცნობით, აშერ ჯალალ თაჰების დაკავების ოპერაცია ჯორჯიას შტატში, ქალაქ ატლანტაში ჩატარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, გეგმის მიხედვით, 21 წლის ბრალდებულს პრეზიდენტის რეზიდენციის შესასვლელი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით უნდა აეფეთქებინა, რის შემდეგაც შენობას ცეცხლსასროლი იარაღებით შტურმით აიღებდა.

თეთრ სახლთან ერთად ბრალდებული ვაშინგტონში არსებულ სხვა სახელმწიფო უწყებებზე, ასევე ნიუ-იორკში არსებულ თავისუფლების ქანდაკებაზე თავდასხმებსაც აპირებდა.

როგორც Reuters-ი იუწყება, 2018 წლის მარტში თაჰების რამდენიმე ნაცნობმა სამართალდამცავ უწყებებს აცნობა, რომ ბოლო პერიოდში მას რადიკალური შეხედულებები ჰქონდა. მას შემდეგ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ თაჰების მეთვალყურეობა დაიწყო.

2018 წლის აგვისტოში 21 წლის რადიკალმა საკუთარი ავტომობილის გაყიდვა გადაწყვიტა. მისი ავტომობილი FBI-ის აგენტმა იყიდა, რომელიც სხვა სახელით გაეცნო და ნდობის მოპოვების შემდეგ, ეჭვმიტანილმა მასთან საკუთარ გეგმებზე დაიწყო საუბარი. სწორედ ამ გზით შეიტყო გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, რომ თაჰები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაზე თავდასხმას აპირებდა.