აშშ-ში, სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეოები, რომელშიც მოქალაქეები თოვლის გუნდებს ცეცხლს უკიდებენ, რათა დაამტკიცონ, რომ თოვლი ნამდვილი არ არის
აშშ-ში, სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეოები, რომელშიც მოქალაქეები თოვლის გუნდებს ცეცხლს უკიდებენ, რათა დაამტკიცონ, რომ თოვლი ნამდვილი არ არის

აშშ-ში, სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეოები, რომელშიც მოქალაქეები თოვლის გუნდებს ცეცხლს უკიდებენ, რათა დაამტკიცონ, რომ თოვლი „ყალბია“. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

აშშ-ის სამხრეთ შტატებში ძლიერი ყინვისა და თოვლის გამო 58 ადამიანი გარდაიცვალა. მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. პრეზიდენტმა ბაიდენმა საგანგებო მდგომარეობაც კი გამოაცხადა, რათა ფედერალური რესურსები შტატებისთვის მაქსიმალურად იყოს ხელმისაწვდომი.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, მოულოდნელად გაუარესებულმა ამინდმა აშშ-ის მოქალაქეების ნაწილს ეჭვი გაუჩინა, რომ თოვლი ნამდვილი არ არის და ის სინთეტიკურია. შეთქმულების თეორიის დასამტკიცებლად, რომ თოვლსაც მთავრობა აკონტროლებს, ბევრმა სოციალურ მედიაში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც თოვლის გუნდების დაწვას ცდილობს.

ამ ვიდეოების ავტორთა ნაწილი ამტკიცებს, რომ თოვლს ცნობილი ამერიკელი მილიარდერი ბილ გეითსი აკონტროლებს, ხოლო კლიმატის ცვლილება გამოგონილია.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, ფეისბუქმა უნდა დაიწყოს ამ შინაარსის ჩანაწერების სოციალური ქსელებიდან წაშლა, რადგან ეს დეზინფორმაციის გავრცელებას უწყობს ხელს.

„ევრონიუსის“ ცნობით, აშშ-ში კლიმატის ცვლილების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი მოქალაქეების რიცხვი გაზრდილია. მაგალითისთვის, შარშან სოციალურ ქსელში ბევრი კონსპირაციონისტი ამტკიცებდა, რომ აშშ-ის ტყეებში ცეცხლს ულტრამემარცხენე აქტივისტები აჩენენ.