აშშ-ში საქართველოს საელჩომ საქართველოს დესპანის, გიორგი ციკოლიას გაცილების საღამოს უმასპინძლა
აშშ-ში საქართველოს საელჩოს ცნობით, საელჩომ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის, გიორგი ციკოლიას გაცილების საღამოს უმასპინძლა.
საელჩოში აცხადებენ, რომ ღონისძიებაზე საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა დესპანს საელჩოში მისი საქმიანობის შედეგად საქართველო-აშშ-ის შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ღონისძიებაზე ასევე სიტყვით წარდგა აშშ-ის კომერციის მდივნის ყოფილი მოადგილე ბრიუს ენდრიუსი, რომელმაც დესპანს ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი ციკოლიამ მიმოიხილა ის ნაბიჯები, რომელიც გასული შვიდი წლის განმავლობაში საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების განმტკიცების მიმართულებით გადაიდგა. დესპანმა აღნიშნა, რომ გასულ წლებში კიდევ უფრო გაღრმავდა და გაფართოვდა ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და მადლობა გადაუხადა საელჩოს გუნდს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ამერიკელ პარტნიორებს ურყევი მხარდაჭერისთვის.
მიღებას დაესწრნენ ქ. ვაშინგტონში აკრედიტირებული ელჩები, საელჩოს პარტნიორები აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საელჩოს თანამშრომლები.
„საელჩოს თანამშრომლები დიდ მადლობას ვუხდით გიორგი ციკოლიას საელჩოში ნაყოფიერი მუშაობისა და ორმხრივ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“, – აღნიშნავენ საელჩოში.