აშშ-ში საჯარო მოხელეებმა მთავრობის მუშაობის შეჩერების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს
აშშ-ში საჯარო მოხელეებმა მთავრობის მუშაობის შეჩერების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში საჯარო მოხელეებმა ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.

ვაშინგტონში დემონსტრაციაში ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. „ჩვენ მუშაობა გვინდა“, „ტრამპის „შატდაუნი“ ჩემი ოჯახის კრიზისია“, – დემონსტრანტებს ასეთი წარწერებით პლაკატები ეჭირათ ხელში.

ვაშინგტონში აქციის მონაწილეებს შეუერთდა პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სენატორი ბერნი სანდერსი.

საჯარო მოხელეებმა საპროტესტო მსვლელობა ასევე გამართეს ცინცინატიში, ჩიკაგოში, დალასსა და სხვა ქალაქებში.

უკვე 20 დღეა, რაც აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ დაფინანსების არარსებობის გამო მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა. ამერიკის შეერთებულ შტატებში არ მუშაობს სახელმწიფო დაწესებულებათა დაახლოებით 25 პროცენტი, დახურულია პარკები და მუზეუმები. 800 000 საჯარო მოხელე იძულებით უხელფასო შვებულებაში გავიდა.

მთავრობის მუშაობის შეჩერება კონგრესში ბიუჯეტთან დაკავშირებით არსებულ უთანხმოებას უკავშირდება. დონალდ ტრამპი და რესპუბლიკელები ბიუჯეტში მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსების საკითხის შეტანას ითხოვენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დემოკრატები.

სამხრეთის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის დონალდ ტრამპი ბიუჯეტიდან 5,7 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს.