აშშ-ში საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა
აშშ-ში საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა. „სიენენის“ ცნობით, მანიფესტანტები ერთდროულად რამდენიმე ათეულ ქალაქში შეიკრიბნენ. მათ შორის იყო ვაშინგტონი, ნიუ იორკი, ფილადელფია და მინეაპოლისი.

დემონსტრანტებმა მექსიკის საზღვართან არსებულ მიგრანტების დაკავების ცენტრებში ბავშვების ყოფნა და მათი რთული პირობები გააპროტესტეს. აქტივისტებმა მიგრანტების დაკავების ცენტრების გაუქმება მოითხოვეს.

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მიგრანტთა დაკავების ცენტრებში არსებულ რთულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადეს. მათი თქმით, ბანაკებში რამდენიმე ასეული ბავშვი იმყოფება, ეს კი კანონს ეწინააღმდეგება. უფლებადამცველების განცხადებით, ბავშვებს რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება.

ამასთან, ინტერნეტ სივრცეში რიო-გრანდეს დაკავების ცენტრის რამდენიმე ფოტო გავრცელდა, სადაც ბანაკებში არსებული ვითარებაა ასახული. ფოტოებში ჩანს, რომ მიგრანტებს უკიდურესად რთულ პირობებში უწევთ ყოფნა. უფლებადამცველების ცნობით, მიგრანტთა დაკავების ცენტრებში ადამიანების ჭარბი რაოდენობა სახიფათო ნიშნულს აღწევს.

ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე აშშ-ის კანონმდებლებმა მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით 4,6 მილიარდი დოლარი გამოყვეს.