აშშ-ში რუსეთის მოქალაქეს ჰაკერობისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
აშშ-ში რუსეთის მოქალაქეს ჰაკერობისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ში რუსეთის მოქალაქეს ჰაკერობისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ვლადიმირ დრინკმანს განაჩენი ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ კამდენის სასამართლომ გამოუტანა.

რუსეთის კიდევ ერთ მოქალაქეს, დიმიტრი სმილიანეცს სასამართლომ ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ის გაათავისუფლეს, რადგან განაჩენის გამოტანისას მას სასჯელის ვადა უკვე მოხდილი ჰქონდა. ორივეს აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კიბერთავდასხმაში ედებათ ბრალი, რომლის შედეგადაც ჰაკერებმა 160 მილიონი საკრედიტო ბარათის მონაცემები მოიპოვეს.

პროკურატურის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეებმა ფინანსური კომპანიების, საგადასახადო სისტემების კომპიუტერულ ქსელებში შეღწევის სქემა 2003 წელს შეიმუშავეს. კიბერთავდასხმის სამიზნე გახდნენ კომპანია Dow Jones-ი, ელექტრონული ბირჟა NASDAQ, ავიაგადამზიდი JetBlue, სავაჭრო ქსელები J.C. Penney და 7-Eleven, ასევე ფრანგული კომპანია Carrefour-ი. ჰაკერების საქმიანობის შედეგად გამოწვეული ზარალი 312 მილიონ დოლარად ფასდება.

დრინკმანი აშშ-ის მოთხოვნით ნიდერლანდებში 2012 წელს დააკავეს. 2015 წელს მან დანაშაული აღიარა. ამავე საქმეში ბრალდებულები არიან რუსეთის კიდევ ორი მოქალაქე და ერთი უკრაინელი. მათზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.