აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენის ღონისძიება გაიმართა
აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენის ღონისძიება გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვაშინგტონში მდებარე მიშელინის ვარსკვლავის მქონე ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში Maydan ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა იმპორტიორების, ღვინის პროფესიონალების, მედიის, სარესტორნო და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისთვის.

მათივე ცნობით, ქართული ღვინის წარდგენას აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე დაესწრო.

„ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინოები, რომლებიც უკვე იყიდება აშშ-ის ბაზარზე და 60-მდე ისეთი ნიმუში, რომელსაც ამერიკელი მომხმარებელი ჯერ არ იცნობს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის Marq Energie Consulting-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაციები ასევე გაიმართება სან-ფრანცისკოში 6 ოქტომბერს და ნიუ-იორკში, 18 ოქტომბერს.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ღვინის კერძო ინდუსტრიასთან თანამშრომლობით, თანმიმდევრული მარკეტინგული სტრატეგია ხორციელდება. შედეგად, ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე სტაბილურად მზარდია. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტირებულია 700 ათასი ბოთლი ღვინო, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 26% შეადგინა“, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.