აშშ-ში ქარიშხალ „ფლორენსის“ შედეგად მიყენებული ეკონომიკური ზიანი 50-მდე მილიარდ დოლარს შეადგენს
აშშ-ში ქარიშხალ „ფლორენსის“ შედეგად მიყენებული ეკონომიკური ზიანი 50-მდე მილიარდ დოლარს შეადგენს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ „ფლორენსის“ შედეგად მიყენებული ეკონომიკური ზიანი 38-დან 50-მდე მილიარდ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ Wall Street Journal-ი ანალიტიკურ სააგენტო Moody’s Analytics-ზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, აღნიშნული თანხა დანგრეული შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის აღსადგენად არის საჭირო. თანხაში გათვალისწინებულია ქარიშხლის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გადახდაც.

ანგარიშის მიხედვით, სადაზღვევო კომპანიებს ქარიშხალ „ფლორენსის“ შედეგად დაზარალებულებისთვის საერთო ჯამში 1,7-დან 5 მილიარდ დოლარამდე გადახდა მოუწევთ.

ამერიკული ანალიტიკური სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ქარიშხალი „ფლორენსი“აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ სტიქიებს შორის მეშვიდე ადგილზე მოხვდა.

ქარიშხალი „ფლორენსი“ ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინების შტატებს 14 სექტემბერს დაატყდა თავს. შტორმმა სტიქიის ზონაში ძლიერი ქარი და გადაუღებელი წვიმა გამოიწვია. შედეგად ქალაქები მთლიანად დაიტბორა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქარიშხალ „ფლორენსის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-ს შეადგენს.

ყველაზე დიდი მატერიალური ზარალი აშშ-ს ქარიშხალმა „ქარვიმ“ მოუტანა. 2017 წელს დამტყდარი შტორმის შედეგად მიყენებული ზარალი 133 მილიარდ დოლარს შეადგენდა.