აშშ-ში ქარიშხალ „ფლორენსის“ შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 31-ს მიაღწია
აშშ-ში ქარიშხალ „ფლორენსის“ შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 31-ს მიაღწია

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ „ფლორენსის“ შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 31-ს მიაღწია. სტიქიის მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

სტიქიამ ყველაზე მეტად ჩრდილოეთ კაროლინის შტატი დააზარალა, სადაც შტორმს 24 ადამიანი ემსხვერპლა. დონალდ ტრამპის განკარგულებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში 200 000 სამხედროა ჩართული.

წყალდიდობის გამო ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქი უილმინგტონი კუნძულად იქცა და გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ქალაქში 120 000 ადამიანია ჩარჩენილი.

ჩრდილოეთ კაროლინაში ელექტროენერგიის გარეშე 600 000-მდე აბონენტია დარჩენილი. ელექტროენერგია არ მიეწოდება ასევე სამხრეთ კაროლინაში მცხოვრებ 60 000 ადამიანს.

აშშ-ის ნაციონალური მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, უამინდობა რეგიონში კიდევ ორ დღეს გაგრძელდება.

ამჟამად „ფლორენსი“, რომელიც აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს პარასკევს დაატყდა თავს, პოსტტროპიკული ციკლონის დონემდე შესუსტდა.