აშშ-ში მყოფ 79 ქართველ მოსწავლეს საქართველოში სპეცრეისით ჩამოიყვანენ
აშშ-ში მყოფ 79 ქართველ მოსწავლეს საქართველოში სპეცრეისით ჩამოიყვანენ

საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებმა ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, აშშ-ში მყოფი 79 ქართველი სკოლის მოსწავლის ქვეყნიდან სპეციალური საშუალებებით გამოყვანის თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მან ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, რეისი ხვალ შედგება აშშ-დან დოჰაში, შემდეგ კი თბილისის მიმართულებით.

„ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, მინდა, პირველ რიგში, აშშ-ს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, მის ადმინისტრაციას მადლობა გადავუხადო და, რა თქმა უნდა, ამერიკის საელჩოს საქართველოში, მის სრულ შემადგენლობას, მადლობა ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს. ჩვენ,  ერთი კვირის განმავლობაში, ვმუშაობდით და მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობამ და აშშ-ის მთავრობამ, 79 ქართველი სკოლის მოსწავლე, რომელიც დღეს იმყოფება აშშ-ში, ფაქტობრივად, სპეციალური საშუალებებით გამოვიყვანოთ იქიდან. ბავშვების მშობლების სურვილიც ესაა. ხვალ, 10 აპრილს, შედგება რეისი აშშ-დან დოჰაში, ამ რეისის უზრუნველყოფას თავის თავზე იღებს ამერიკული მხარე, ხოლო დოჰადან თბილისში 79 არასრულწლოვანის, სკოლის მოსწავლეების, საქართველოში ჩამოყვანას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. გარდა ამისა, ჩვენ ვითანამშრომლეთ ჩვენს სომეხ კოლეგებთან, მათი მხრიდან იყო თხოვნა და ამ რეისით ჩვენ ამერიკიდან გამოვიყვანთ ასევე სომხეთის მოქალაქე 35 ბავშვს, სკოლის მოსწავლეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.