აშშ-ში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი მაია შიოშვილი პენსილვანიის შტატში კამერული მუსიკის საღამოს გამართავს
პენსილვანიის შტატის ქალაქ ფისტერვილში, ქართული დიასპორის მიერ შეძენილ მიწაზე, ამერიკაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი მაია შიოშვილი და მისი ამერიკელი მეგობრები 5 ივნისს კამერული მუსიკის საღამოს გამართავენ.
მსმენელს საშუალება ექნება, მოისმინოს როგორც საბავშვო და კინო მუსიკა, ასევე ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
„კოვიდ-19“-ის გამო შეხვედრა ღია სივრცეში გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამოზე დასწრების სურვილი ამერიკის სხვადასხვა შტატში მცხოვრებმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა გამოთქვეს.
„თავდაპირველად მცირე მასშტაბის კონცერტის გამართვას ვგეგმავდით ქალაქ ფისტერვილის ადგილობრივ მსმენელთან, თუმცა საზოგადოების მხრიდან გამოჩენილი ინტერესის გამო, საღამოს მასშტაბები გაიზარდა. მაღალი ინტერესი თავისთავად მეტყველებს ამ ტიპის „შეხვედრების“ საჭიროებაზე. პანდემიის გამო, საზოგადოება სულიერი და კულტურული საზრდოს ერთმანეთში გაზიარების ნაკლებობას განიცდის. იმედია, სულ მალე ყველა ერთად დავუბრუნდებით ჩვეულ რიტმს“, – განაცხადა საღამოს ორგანიზატორმა, მუსიკოსმა მაია შიოშვილმა.