აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 164-ს, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 11 000-ს გადააჭარბა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 164-ს, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 11 000-ს გადააჭარბა. მათ შორის, 70 შემთხვევა ქვეყანაში დაბრუნებულ მოქალაქეებში დასტურდება.
გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ოკლაჰომაში. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული პაციენტი 50 წელს გადაცილებული მამაკაცია.
ნიუ იორკის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში ვირუსზე ტესტირება 8 000-მდე ადამიანს ჩაუტარდა.
ეპიდემიის გამო საპრეზიდენტო პრაიმერიზი, 28 აპრილის ნაცვლად, 2 ივნისამდე გადაიდო კონექტიკუტის შტატში.
პირველ მაისამდე დაიხურა სკოლები ინდიანას შტატში, სადაც ვირუსი 56 ადამიანს დაუდასტურდა. მათ შორის, ორი ლეტალური შედეგით.
მაიამის მერმა კი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მოაწერა ხელი და ყველა სკვერი და პარკი დახურა. საგანგებო ზომები ასევე ითვალისწინებს ყველა კომერციული დაწესებულებისა და სავაჭრო ობიექტის დახურვას, რომლებიც პირველადი მოხმარების საგნების რეალიზაციას არ აწარმოებენ.