აშშ-ში კორონავირუსით ერთი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, დონალდ ტრამპმა მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა
აშშ-ში კორონავირუსით პირველი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ტრამპმა აღნიშნა, რომ ოთხი ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, 15 ადამიანი კი ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა მედიასა და პოლიტიკოსებს, არ გააკეთონ ისეთი რამ, „რაც პანიკას გამოიწვევდა, რადგან პანიკის არანაირი მიზეზი არ არის“.
„ეს არის საკითხი, რომელსაც პროფესიონალები უმკლავდებიან“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, მან აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ გამორიცხა.
„ჩვენი ქვეყანა მზად არის ნებისმიერი გარემოებებისთვის“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-მა გაამკაცრა მიმოსვლა ირანთან, იტალიის რეგიონებთან და სამხრეთ კორეასთან, სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის კი 43 მილიონი პირბადე მოიმარაგა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ გარდაცვლილი 50-დან 60 წლამდე ასაკის ქალია. აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ვაშინგტონის შტატში დაფიქსირდა.
დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ვაქცინაზე მუშაობის საკითხის განსახილველად მას უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანიებთან აქვს შეხვედრა დაგეგმილი.