აშშ-ში კლინიკური გამოცდებისთვის კორონავირუსის ოთხი ვაქცინა დაამტკიცეს, კიდევ ექვსი ვაქცინა განხილვის ეტაპზეა
აშშ-ში კლინიკური გამოცდებისთვის კორონავირუსის ოთხი ვაქცინა დაამტკიცეს, კიდევ ექვსი ვაქცინა განხილვის ეტაპზეა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სტივენ ჰანი აცხადებს, რომ კლინიკური გამოცდებისთვის დამტკიცებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო ოთხი ვაქცინა, კიდევ ექვსი ვაქცინა კი, განხილვის ეტაპზეა.

„ოთხი ვაქცინა დამტკიცებულია კლინიკური კვლევების დასაწყებად. ანუ გაცემულია ნებართვა, რომ ისინი კლინიკურ კვლევებში ჩაერთონ, რომ ამ ვაქცინების შესახებ მონაცემების მიღება შევძლოთ. კიდევ ექვსი ემზადება განსახილველად“, – აღნიშნა სტივენ ჰანმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

ჰანის თქმით, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი, თუმცა ის მიიჩნევს, რომ გარკვეული პოზიტიური შედეგი უკვე მიღწეულია.

მაისში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაიწყო ოპერაცია ვაქცინის შექმნის დასაჩქარებლად. ოპერაციის მიზანი 2021 წლის დასაწყისისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ასობით მილიონი დოზის დამზადებაა.