აშშ-ში, ინდიანის შტატში შტორმებისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა

10:28, 16.08.2026

აშშ-ში, ინდიანის შტატში შტორმებისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ წერს. დაღუპულებს შორის არის ოთხი წლის ბიჭი ჯენინგსის ოლქიდან. ბავშვი ძლიერი შტორმის დროს მას შემდეგ დაიღუპა, რაც მის სახლს ხე დაეცა. დეპარტამენტის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ასევე არიან 19 წლის მამაკაცი და 58 წლის ქალი.

როგორც მედია იუწყება, განსაკუთრებით რთული ვითარება იყო ინდიანაპოლისის რაიონში, სადაც საგანგებო სამსახურებმა წყალდიდობის შედეგად ათობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. ინდიანის გუბერნატორმა, მაიკ ბრაუნმა ამ კვირის დასაწყისში შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბრაუნის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა, რომელიც შტატისთვის ფედერალური დახმარების გამოყოფას დათანხმდა.

ინდიანაში ელექტროენერგიის გარეშე კვლავ დაახლოებით 150 000 აბონენტი რჩება. ინდიანის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჯონათან უითჰემმა განაცხადა, რომ წყალდიდობა უახლოესი 24 საათის განმავლობაში კვლავ სერიოზულ პრობლემად დარჩება.

ამასთან, ინდიანაპოლისის მერმა, ჯო ჰოგსეტმა განაცხადა, რომ ქალაქს მსგავსი მასშტაბის წყალდიდობა ათწლეულების განმავლობაში არ უნახავს.

მსგავსი