აშშ-ში განაცხადეს, რომ ჰორმუზის სრუტეში ირანის სარაკეტო დანადგარებზე იერიში მიიტანეს, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი” საპასუხო დარტყმით იმუქრება
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ჰორმუზის სრუტის რაიონში ირანის სარაკეტო დანადგარებზე დარტყმა განახორციელეს. ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, ეს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში აშშ-ის პირველი სამხედრო ოპერაცია იყო ირანის წინააღმდეგ. წყაროს ინფორმაციით, ამერიკულმა ძალებმა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” დანადგარებს შეუტიეს, რომლებიც რაკეტების გასაშვებად და სრუტეში საზღვაო ნაღმების განთავსებისთვის ემზადებოდნენ.
მაღალჩინოსანმა ინფორმაცია ანონიმურობის პირობით გაავრცელა, რადგან საქმე სამხედრო თვალსაზრისით სენსიტიურ ინფორმაციას ეხება.
ამასთან, ირანულმა სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია ჰორმუზის სრუტეში მდებარე კუნძულ ლარკის რაიონში აფეთქებების შესახებ. „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ თავდასხმის ფაქტი დაადასტურა. გავრცელებულ განცხადებაში კორპუსის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაიღუპა და დაიჭრა რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე და მშვიდობიანი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და ისრაელს დაეკისრა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თავდასხმა „აგრესორის დასჯას გამოიწვევს“.
ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სამხედროებმა ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო საზღვაო მარშრუტების საზღვაო ნაღმებისგან გაწმენდის ოპერაცია დაასრულეს.
ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტე მსოფლიო ნავთობით ვაჭრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მარშრუტია. მისი დანაღმვა ან საზღვაო მიმოსვლის შეზღუდვა ენერგორესურსების მიწოდების შეფერხების სერიოზულ საფრთხეს ქმნის.