აშშ-ში გადამდგარ მაიორსა და მის მეუღლეს რუსეთისთვის საიდუმლო მონაცემების გადაცემის მცდელობისთვის წაუყენეს ბრალი
აშშ-ის გადამდგარ მაიორს და მის მეუღლეს რუსეთისთვის საიდუმლო მონაცემების გადაცემის მცდელობაში ედებათ ბრალი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
აშშ-ის არმიის ექიმს, გადამდგარ მაიორ ჯეიმი ლი ჰენრისა და მის მეუღლეს, ანა გაბრიელიანს აშშ-ში ბრალი წაუყენეს რუსეთისთვის საიდუმლო სამხედრო სამედიცინო ჩანაწერების გადაცემაში.
„ბიბისის“ ცნობით, მაიორი ჯეიმი ლი ჰენრი მსახურობდა ფორტ ბრაგის არმიის ბაზაზე, ჩრდილოეთ კაროლინაში და ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვების ნებართვა. მისი მეუღლე ანა გაბრიელიანი კი მუშაობს ბალტიმორის ჯონს ჰოპკინსის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში და მზად იყო, გადაეცა საიდუმლო მონაცემები რუსეთისთვის.
პროკურატურის განცხადებით, წყვილმა საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გადაწყვიტა.
სასამართლო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ანა გაბრიელიანმა წინადადებით მიმართა რუსეთის საელჩოს და მოგვიანებით შეხვდა მამაკაცს, რომელსაც რუსეთის აგენტად თვლიდა. სინამდვილეში, ეს იყო ფედერალური ბიუროს აგენტი, რომელსაც ხანგრძლივი დისკუსია ჰქონდა გაბრიელიანთან მის მოტივაციაზე.
სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, გაბრიელიანი აგენტთან აღნიშნავდა, რომ მის მოტივს მხოლოდ რუსეთის მიმართ პატრიოტიზმი წარმოადგენდა და მზად იყო, მოსკოვისთვის გადაეცა ინფორმაცია უკრაინაში აშშ-ის წვრთნების შესახებ.