აშშ-ში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი სინაგოგაზე თავდასხმას გეგმავდა
„ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი ოჰაიოს შტატში სინაგოგაზე თავდასხმას გეგმავდა. ამერიკული მედიის ცნობით, გამომძიებლებთან საუბრის დროს 21 წლის დეიმონ ჯოზეფმა განაცხადა, რომ ტერაქტის განხორციელება ოქტომბერში, ქალაქ პიტსბურგის სინაგოგაზე მომხდარი თავდასხმის შედეგ გადაწყვიტა, როდესაც 11 ადამიანი დაიღუპა.
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ხელისუფლების ცნობით, დეიმონ ჯოზეფი ცდილობდა მატერიალური მხარდაჭერა „ისლამური სახელმწიფოსგან“ მიეღო. ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ტერორისტულ დაჯგუფებას დიდი ხნის განმავლობაში უცხადებდა მხარდაჭერას და რამდენჯერმე მათ სასარგებლოდ პროპაგანდის შემცველი მასალაც გაავრცელა, რომელიც ახალი წევრების გადაბირებისთვის იყო განკუთვნილი.
ამერიკული მედიის ცნობით, ეჭვმიტანილთან თვეების განმავლობაში FBI-ის აგენტი მუშაობდა. გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომელი სხვა სახელით და გვარით ტერორისტული დაჯგუფების მხარდამჭერისგან პროპაგანდისტულ ვიდეოებს იღებდა. ნდობის მოპოვების შემდეგ კი, ეჭვმიტანილმა FBI-ის აგენტს გაანდო, რომ მოწამეობრივი ოპერაციის ჩატარებას გეგმავდა. სწორედ ამის შემდეგ დადგინდა, ეჭვმიტანილის მიერ უახლოეს მომავალში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვის შესახებ.