აშშ-ში დღე-ღამეში კორონავირუსის მილიონ 130 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების ერთი მილიონ 130 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული გლობალური მაჩვენებელია.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის ინფიცირების შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელი თითქმის გასამმაგდა. ვირუსის გავრცელების ტემპის მკვეთრ ზრდას სპეციალისტები „ომიკრონ“ ვარიანტს უკავშირებენ.
ამასთან, აშშ-ში რეკორდულ ნიშნულზეა ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობაც.
მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ სავარაუდოდ ნაკლებად მძიმე ვარიანტად მიიჩნევა, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ შესაძლოა, ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა გამოიწვიოს.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აშშ-ში ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრმა ზრდამ სკოლებში სასწავლო პროცესიც შეაფერხა, სადაც პერსონალისა და მასწავლებლების ნაკლებობა შეიქმნა. ჩიკაგოში მეოთხე დღეა, სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
თანამშრომლების ინფიცირების გამო, ქალაქ ნიუ იორკში მეტროს სამმა ხაზმა მუშაობა შეაჩერა.