აშშ-ში დედამ მისი ხუთი შვილის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი მეუღლისთვის სასჯელის შემსუბუქება მოითხოვა
აშშ-ში დედამ სასამართლოს სთხოვა, მისი ხუთი შვილის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი მეუღლის სიკვდილით დასჯისგან თავი შეიკავოს. ამბერ კაიზერი ყოფილი მეუღლის სასამართლო პროცესზე წარდგა და ნაფიც მსაჯულებს შვილების მკვლელობაში ბრალდებული მამისთვის სასჯელის შემსუბუქება სთხოვა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მისი თქმით, „ტიმ ჯონსი უმოწყალოდ მოექცა მის შვილებს, თუმცა ბავშვებს ის უყვარდათ“. ამასთან, დედა ამბობს, რომ სასამართლოს ნებისმიერ განაჩენს დაეთანხმება.
37 წლის ჯონსი ხუთი შვილის მკვლელობაში დამნაშავედ მაისში ცნეს. მკვლელობა ლენქსინგტონში მოხდა. მსხვერპლთა ასაკი ერთიდან რვა წლამდე მერყეობდა.
გამოძიების მიხედვით, ტიმ ჯონსი და ამბერ კაიზერი ცხრა წელი ცხოვრობდნენ ერთად. განშორების შემდეგ დედამ ბავშვები მამას დაუტოვა, რადგან მას მაღალშემოსავლიანი სამსახური ჰქონდა.
როგორც „ბიბისი“ წერს, სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ მკველელობის დღეს მამა განრისხდა, როდესაც დაინახა, რომ მისი ექვსი წლის შვილი ელექტრონული ხელსაწყოთი თამაშობდა და ბავშვი მოკლა. ამის შემდეგ მან დანარჩენი ოთხი ბავშვი დაახრჩო, შემდეგ ცხედრები მანქანაში ჩადო და ალაბამის შტატში, უკაცრიელ ადგილას დატოვა.
თავად ჯონსი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მკვლელობის მომენტში შეურაცხადი იყო. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ბრალდებულს ექიმებმა შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს. ჯონსი ამბობს, რომ დეპრესიაში იყო, როდესაც „მისმა მეუღლემ მეზობელი თინეიჯერის გამო მიატოვა“.
ბრალდებულს სიკვდილით დასჯა ან უვადო პატიმრობა ემუქრება. განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა გამოიტანონ.