აშშ-ში აფროამერიკელი დანტე რაითის გარდაცვალების ადგილზე შეკრებილი აქციის მონაწილეები პოლიციამ ცრემლმდენი აირით დაშალა
აშშ-ში აფროამერიკელის დაღუპვის შემდეგ კვლავ არეულობა დაიწყო. 20 წლის ფერადკანიანი დანტე რაითი ახალგაზრდა პოლიციელის მხრიდან სროლის შედეგად გარდაიცვალა. ინციდენტი მინეაპოლისთან ახლოს მოხდა, სადაც ერთი წლის წინ დაკავების დროს გარდაიცვალა ჯორჯ ფლოიდი და მის სიკვდილს მასშტაბური აქციები აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე მოყვა.
შემთხვევის ადგილზე ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ დასაშლელად პოლიციამ რეზინის ტყვიები, ცრემლმდენი აირი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა. რეზინის ტყვიებით ორი ადამიანი დაიჭრა. დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციის მანქანებს ქვები დაუშინა. ხელისუფლებამ მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა და ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა.
პოლიციის ვერსიით, პოლიციელებმა მანქანის საჭესთან მყოფი დანტე რაითი 11 აპრილს გააჩერეს და გაცემული განკარგულების შესაბამისად, მისი დაკავება სცადეს. მიუხედავად ამისა, რაითმა მიმალვა სცადა. პოლიციელებმა მას ესროლეს და დაჭრეს, თუმცა ავტომობილმა სვლა განაგრძო, ვიდრე სხვა მანქანას არ დაეჯახა. დანტე რაითი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. ავტომობილში იმყოფებოდა ქალი, რომელიც უვნებლად გადაურჩა ავარიას.