აშშ-ის სენატში სახელმწიფო მდივნის პოსტზე მაიკ პომპეოს დანიშვნას უყრიან კენჭს
აშშ-ის სენატში დღეს სახელმწიფო მდივნის პოსტზე მაიკ პომპეოს დანიშვნას უყრიან კენჭს.
როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტში, ისე მთლიანად სენატშიც რესპუბლიკელებს უმრავლესობა ჰყავთ. ამიტომ პომპეოს კანდიდატურას წინააღმდეგობა სავარაუდოდ არ შეხვდება. თუმცა, გამოცემა Hill-ი წერს, რომ დემოკრატები შეეცდებიან, პომპეოს არჩევა დაბლოკონ. კერძოდ, დემოკრატებს ამისთვის პროცედურის გაჭიანურება მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სენატში გამართულ მოსმენაზე პომპეომ განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივნად დანიშვნის შემთხვევაში, რუსეთის მიმართ უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც დონალდ ტრამპმა მარტის ბოლოს რექს ტილერსონი გაათავისუფლა. ახლა აშშ-ის საგარეო უწყებას დროებით ჯონ სალივანი ხელმძღვანელობს.
მაიკ პომპეო მანამდე აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსი იყო. სახელმწიფო მდივნად არჩევის შემდეგ, მას პირველ რიგში დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრის მომზადება დაევალება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ირანის სანქციებია, რომელთა ხელახლა ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება ტრამპმა 12 მაისამდე უნდა მიიღოს. ირანთან „ბირთვული შეთანხმებიდან“ გასვლა კი აშშ-ს სავარაუდოდ პარტნიორებთან დაძაბულობას შეუქმნის.