აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე ტრამპის კამპანიის ყოფილმა თანაშემწემ დანაშაული აღიარა
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე ტრამპის კამპანიის ყოფილმა თანაშემწემ დანაშაული აღიარა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე დონალდ ტრამპის კამპანიის ყოფილმა თანაშემწემ დანაშაული აღიარა. რიკ გეითსმა თავი დამნაშავედ სცნო აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებისა და გამომძიებლების მოტყუებისთვის.

გეითსი ტრამპის კამპანიის მმართველის თანაშემწე იყო. მის დაკითხვას სპეციალური პროკურორი, რობერტ მიულერი აწარმოებდა, რომელიც 2016 წლის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საკითხს იძიებს.

აღნიშნული ბრალდებების მიხედვით, რიკ გეითსს ექვსწლიანი პატიმრობა ემუქრება, თუმცა პროკურორები ამბობენ, რომ მიულერის გამოძიებასთან ხანგრძლივი თანამშრომლობის გამო, შესაძლოა, მას პატიმრობის ვადა შეუმცირდეს.

სარჩელი ზეწოლას ზრდის პოლ მანაფორტზე, რომელიც ხუთი თვის განმავლობაში ტრამპის კამპანიის ხელმძღვანელი იყო. გეითსის მიერ დანაშაულის აღიარების შემდეგ, მანაფორტმა განაცხადა, რომ საქმეში სრულიად უდანაშაულოა.