აშშ-ის სანქციების გამო, რუსეთის საფონდო ბაზარზე მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა
აშშ-ის სანქციების გამო, რუსეთის საფონდო ბაზარზე მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა

გასულ პარასკევს შეერთებული შტატების მიერ რუს ოლიგარქებზე დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის საფონდო ბაზარმა ორშაბათს მკვეთრი ვარდნით უპასუხა. ყველაზე მკვეთრი ვარდნა იმ კომპანიების აქციებმა განიცადა, რომელთა ხელმძღვანელები სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ერ-ბე-კა“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი ცხრა პროცენტით, ხოლო რუსეთის ელექტრონული ბირჟის ინდექსი 10.7 პროცენტით გაუფასურდა.

ყველაზე მკვეთრი, 26.7-პროცენტიანი ვარდნა განიცადა „რუსალმა“, რომელიც მსოფლიოში ალუმინის წარმოების ერთ-ერთი ლიდერია. 6.7 პროცენტით დაეცა „ვნეშტორგბანკის“ აქციები, 6.8 პროცენტით – „სბერბანკის“, ხოლო მსოფლიოში ალმასის ერთ-ერთი უმსხვილესი მომპოვებლის, „ალროსას“ აქციები შვიდი პროცენტით გაუფასურდა.

გასულ პარასკევს, 6 აპრილს შტატების ფინანსთა სამინისტრომ რუსი ბიზნესმენების, ასევე სახელმწიფო კომპანიების მენეჯერებისა და ჩინოვნიკების წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები დააწესა, რადგან ვაშინგტონს მიაჩნია, რომ მოსკოვი დასავლეთის სახელმწიფოებში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს.

სანქციები აღნიშნული პირების აქტივების გაყინვას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ამერიკის მოქალაქეებსა და კომპანიებს სანქცირებულ პირებთან ნებისმიერი ეკონომიკური ურთიერთობის დამყარება ეკრძალებათ.

სანქცირებულ პირებს შორის რამდენიმე „ფორბსის“ სიაში შესული რუსი მილიარდერია, მათ შორის „რუსალის“ მფლობელი ოლეგ დერიპასკა. ყველაზე დიდი ვარდნაც სწორედ მის მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა განიცადეს – „რუსალმა“ და En+ Group-მა. ორივე კომპანიამ 6 აპრილს, სანქციების დაწესების დღეს კაპიტალიზაციიდან 2.85 მილიარდი დოლარი დაკარგა. მოსკოვის ბირჟაზე En+ Group-ის აქციები 17.93 პროცენტით დაეცა, „რუსალის“ კი 17.73 პროცენტით. 9 აპრილის მდგომარეობით კი „რუსალის“ აქციების ფასი განახევრებულია ჰონგ კონგის ბირჟაზე.

ახალი სანქციების შედეგად, 0.9 პროცენტით დაეცა რუსული ეროვნული ვალუტაც.