აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ველოდებით სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ველოდებით სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას ელოდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რობერტ პალადინომ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ ასევე ელოდება, რომ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა ორმხრივ და რეგიონულ საკითხებზე გაგრძელდება.

„აშშ ელოდება საქართველოს არჩეულ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას და საქართველოსთან მნიშვნელოვანი ორმხრივი და რეგიონული საკითხების ფართო სპექტრზე მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებას, მათ შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს კონტრიბუციის მხრივ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.  მან ამომრჩეველთა ხმების 59, 52 პროცენტი მიიღო, რაც რაოდენობრივად 1 147 627 ხმაა.