აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კიევში ორივე მხარეს ძალადობის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კიევში ორივე მხარეს ძალადობის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კიევში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდება, – ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსმა ჰეზერ ნოირეტმა გააკეთა.

მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი მუდმივ კონტაქტზე იმყოფება უკრაინის მთავრობასთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბოლომდე იზიარებს მათ გადაწყვეტილებებს.

„ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის მთავრობას, მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია. ვხედავთ, რა ხდება კიევის ქუჩებში. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, თავიდან აიცილონ ყოველგვარი ძალადობა, დაემორჩილონ კანონსა და საერთაშორისო ვალდებულებებს. რაც შეეხება მთავრობის ქმედებებს, ისევე როგორც ყველა სხვა სახელმწიფოს, ჩვენ უკრაინის ხელისუფლებასაც შევახსენებთ, რომ თუ ვინმეს დაკავება ხდება, ეს კანონისა და ადამიანის უფლებების დაცვის ფარგლებში უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურს უფროსმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, მხარდამჭერებმა სპეცდანიშნულების რაზმის მანქანიდან მისი გამოყვანა მოახერხეს.