აშშ-ის სახაზინო მდივნის თანაშემწე აცხადებს, რომ თუ რუსეთი მტრულ ქმედებებს არ შეწყვეტს, აშშ ვლადიმერ პუტინის უახლოეს გარემოცვას სანქციებს დაუწესებს
თუ რუსეთი მსოფლიო არენაზე თავის მტრულ ქმედებებს არ შეწყვეტს, აშშ-ის ადმინისტრაცია მზად არის, ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივნის თანაშემწემ, მარშალ ბილინგსლიმ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა რუსეთის ქმედებებს მიუღებელი უწოდა და აღნიშნა, რომ მათზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს პუტინის უახლოეს გარემოცვას.
როგორც სახაზინო მდივნის თანაშემწემ აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტის ახლობელი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკასა და ვიქტორ ვეკსელბერგის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მეტყველებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის განზრახვა სერიოზულია.