აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაჯგუფება „ბასიჯის“ დაფინანსების გამო, 20 ირანულ კომპანიასა და ბანკს სანქციები დაუწესა
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 20 ირანულ კომპანიასა და ბანკს სანქციები დაუწესა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, „შავ სიაში“ მოხვედრილი კომპანიები ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებულ შეიარაღებულ დაჯგუფებას აფინანსებდნენ.
სანქციები დაუწესდა ირანში რეგისტრირებულ რამდენიმე საინვესტიციო კომპანიას, ასევე ცინკის მოპოვებასთან და ფოლადის წარმოებასთან დაკავშირებული კომპანიებსა და რამდენიმე ბანკს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, „შავ სიაში“ შეყვანილი ყველა კომპანია ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებულ დაჯგუფება „ბასიჯის“ ფინანსურად ეხმარებოდა.
„ეს დიდი ქსელი უზრუნველყოფდა ბასიჯის ძალების ფინანსურ ინფრასტრუქტურას ბავშვების გადაბირების, წვრთნისა და ინსტრუქტაჟისთვის, რომლებსაც აიძულებდნენ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მითითებით“, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სტივენ მნუჩინმა.
გასამხედროებულ დაჯგუფება „ბასიჯს“ ადანაშაულებენ რევოლუციის გუშაგთა კორპუსისთვის მებრძოლების მომზადებაში, მათ შორის 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვების.