აშშ-ის საელჩომ ეროვნულ ბიბლიოთეკას 87 000 აშშ დოლარის ღირებულების ლიტერატურა გადასცა
აშშ-ის საელჩომ ეროვნულ ბიბლიოთეკას 87 000 აშშ დოლარის ღირებულების ლიტერატურა გადასცა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა 1000 ცალი ახალი წიგნი, სხვადასხვა გამოცემა და ენის შესასწავლი მაგიდის თამაშები, რომელთა ჯამური ღირებულება 87 000 აშშ დოლარია.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ ელჩს საჩუქრებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წიგნების ნაწილი დარჩება ბიბლიოთეკაში ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზისთვის, ნაწილი კი სოფლის ბიბლიოთეკებში გადანაწილდება.

აშშ-ის ელჩის, იან კელის თქმით, აუცილებელია, რომ წიგნების კოლექცია რეგულარულად განახლდეს.

„ეს არის დამატებითი კოლექცია და აუცილებელია, რომ წიგნები და კოლექცია განახლდეს რეგულარულად, ჩვენი საჩუქარი ამას ხელს შეუწყობს. სამაგიდო თამაშები კი ხელს შეუწყობს ინგლისური ენის შესწავლას ახალგაზრდებსა და ბავშვებში. ჩვენ ასევე მოხარულები ვართ, რომ წიგნების ნაწილი რეგიონების ბიბლიოთეკებს გადაეცემა“, – განაცხადა კელიმ.

აშშ-ის საელჩოს მიერ გადაცემული ლიტერატურა მოიცავს როგორც სხვადასხვა სახის ძვირადღირებულ ენციკლოპედიას, ასევე თანამედროვე ამერიკული პოეზიის სრულ კრებულს, ამერიკის ბიბლიოთეკის სერიას, სახელმძღვანელოებს ენის შემსწავლელთა და მასწავლებლებისთვის.

ეს უკვე მეორე საჩუქარია, რომელიც ამერიკის საელჩომ ბიბლიოთეკას გადასცა. 2014 წელს ეროვნულ ბიბლიოთეკას პულიცერის პრემიის ლაურეატთა კოლექციის 100 ცნობილი ავტორის წიგნი გადაეცა.