აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შესაძლო დაწყების საკითხზე ნათია თურნავა ავიაკომპანია „იუნაითედ ეარლაინსის“ წარმომადგენლებს შეხვდა
აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შესაძლო დაწყების საკითხზე ნათია თურნავა ავიაკომპანია „იუნაითედ ეარლაინსის“ წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა, ქალაქ ჩიკაგოში ამერიკული ავიაკომპანიის „იუნაითედ ეარლაინსის“ (United Airlines) ოფისში გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზანშეწონილობის თემაზე პრეზენტაცია გამართა. აღინიშნა, რომ პირდაპირი ავიარეისები კომერციულად მომგებიანი იქნება, რადგან საქართველო რეგიონის ლოგისტიკური ჰაბია და მისი აღნიშნული ფუნქცია ქვეყნის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პროექტების შედეგად უფრო გაიზრდება.

„დეტალური ინფორმაცია წარვუდგინეთ იმ უპირატესობების შესახებ, რასაც ჩვენი რეგიონი და განსაკუთრებით, საქართველო სთავაზობს მათ პირდაპირი ფრენების დაწყების შემთხვევაში. ახლა გადავდივართ საკითხის შესწავლის ტექნიკურ ეტაპზე, როდესაც ამერიკული მხარე ჩაატარებს კვლევას,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

მისი შეფასებით, შეხვედრა პოზიტიური შედეგით დასრულდა.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული აქტივობები ამერიკის მედიასივრცეში, რომელიც, მათი შეფასებით, იძლევა დადებით შედეგს საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების ცნობადობის გაზრდის კუთხით. აღინიშნა, რომ მსგავსი აქტივობების შედეგიანობა ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება ამერიკული ავიაკომპანიის მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

„მნიშვნელოვანია, საქართველოს ცნობადობა იყოს მაღალი, რათა ორ ქვეყანას შორის ფრენების დასაწყებად საკმარისი მგზავრთნაკადი არსებობდეს,“ – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის თქმით კი, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ პირდაპირი ავიარეისებით სარგებლობა შეეძლებათ მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებსაც, საიდანაც აშშ-ში რეისები არ ხორციელდება. ისინი ტრანზიტულ ქვეყნად საქართველოს გამოიყენებენ.

ნათია თურნავა ამერიკაში ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

მომდევნო შეხვედრა საქართველოს დელეგაციას „დელტა ეარლაინსში“ Delta AirLines ექნება, სადაც ეკონომიკის მინისტრი ორმხრივი ავიაფრენების შესახებ პრეზენტაციას გამართავს.

ამერიკაში ვიზიტის ორგანიზებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად აშშ-ში საქართველოს საელჩომაც მიიღო მონაწილეობა.