აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტი ისევ მწვავდება. როგორ მივედით ამ წერტილამდე?
2025 წლის 5 თებერვალს NASA-ს თანამგზავრიდან გადაღებულ ამ ბუნებრივ ფერებში წარმოდგენილ გამოსახულებაზე ჩანს ომანის ყურე, მაკრანის რეგიონი (ცენტრში), რომელიც სამხრეთ ირანსა და სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანს მოიცავს, ასევე ჰორმუზის სრუტე (მარცხნივ) და ომანის ჩრდილოეთი სანაპირო (ქვემოთ)
ირანსა და აშშ-ს შორის საომარი მოქმედებების განახლება უშიშროებისა და თავდაცვის უმაღლესი სამეფო ინსტიტუტის (IRSD) მკვლევრისთვის, დიდიე ლერუასთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება სულაც არ იძლეოდა გარანტიას, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული სადავო საკითხები მოგვარდებოდა.
„უნდა გვახსოვდეს, რომ მემორანდუმი მხოლოდ ერთგვარი ურთიერთგაგების დოკუმენტი იყო, რომელმაც მხარეებს აძლევდა დროს, რომ დაახლოებით 60 დღეში გადაეჭრათ ის პრობლემები, რომლებიც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ვერ მოგვარდა. ასე რომ, ეს შეთანხმება, გარკვეულწილად, უკვე წინასწარ იყო მარცხისთვის განწირული. ამაში დასარწმუნებლად მემორანდუმის მხოლოდ რამდენიმე პარაგრაფის წაკითხვა სრულიად საკმარისია, მაგალითად, იმ მუხლის, რომ სიტუაციის სტაბილიზირება მოხდებოდა ყველა ფრონტზე, ლიბანის ჩათვლით, რაც აშკარად ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ ვეჭვობდით, რომ მოვლენების განვითარების ყველაზე სავარაუდო სცენარი საომარი მოქმედებების განახლება იქნებოდა“.
როდის დაბრუნდებიან მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად?
მოლაპარაკებების განმავლობაში, მისი მონაწილე მხარეები მუდმივად თავიანთი აკეთებდნენ აქცენტს ოპონენტების არაკეთილსინდისიერებაზე. ადგილი ჰქონდა სიტყვიერი მუქარების კასკადს და კომპრომისის სრულ არარსებობას.
„მოკლევადიან პერსპექტივაში ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. ვფიქრობ, ორივე მხარე ხისტ პოზიციებზე დარჩება, რადგან ისინი სრულ კაპიტულაციად მიიჩნევენ დათმობას ნებისმიერ საკითხზე, იქნება ეს ჰორმუზის სრუტესთან, ბირთვულ საკითხთან თუ მარიონეტებთან (ირანის მოკავშირე ძალები, როგორიცაა ლიბანური „ჰეზბოლა“ ან პალესტინური „ჰამასი“ – რედ. შენიშვნა) დაკავშირებული თემები. სწორედ ამიტომ მგონია, რომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ველოდოთ სამხედრო მოქმედებების განახლებას, რაც მოლაპარაკებების პროცესში ძალთა პოლიტიკურ ბალანსს თავიდან ჩამოაყალიბებს“.
ჰორმუზის სრუტის კონტროლისთვის ბრძოლა
მეომარი მხარეები მუდმივად უსვამენ ხაზს, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი მათ ხელშია. ბოლოს გაკეთდა დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ სრუტე ღია დარჩება და აშშ ამას სამხედრო გზით უზრუნველყოფს, ამავდროულად კი, ოპერაციის დასაფინანსებლად, ტვირთებზე 20-პროცენტიან გადასახადს დააწესებს. აშშ-ის პრეზიდენტის რიტორიკის მიღმა, იმის დანახვა შეგვიძლია, რომ კონფლიქტის ეპიცენტრს ჰორმუზის სრუტე წარმოადგენს.
„დონალდ ტრამპის კომუნიკაციის სტილი შეგნებულად არაპროგნოზირებადია. ამიტომ, მის სიტყვების ანალიზზე დიდი დროის დაკარგვა არ ღირს. მისთვის დამახასიათებელია გამოწვევაზე ორიენტირებული, მტკიცე რიტორიკა, რასაც საბოლოოდ შესაბამისი ქმედებებიც უნდა მოჰყვეს. ვფიქრობ, ამერიკელები გააკეთებენ იმას, რაც საჭიროდ მიაჩნიათ, რადგან სამხედრო გზით ამის განხორციელება მხოლოდ მათ შეუძლიათ. ისინი შეეცდებიან, ირანი რთულ მდგომარეობაში ჩააყენონ და აჩვენონ, რომ თეირანის მტკიცების მიუხედავად, რომ თითქოს სრუტე დაკეტილია, მისი ხელახლა გახსნა შეუძლიათ. ცხადია, იგივე ლოგიკა თეირანის მოქმედებებსაც ეხება“.
ტრადიციული ომის მიღმა ეკონომიკური დაპირისპირება იმალება
ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის ბლოკირებით, ირანი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებებში გავლენის ბერკეტს შეინარჩუნებს. ომამდე მსოფლიო ნახშირწყალბადების ვაჭრობის მეხუთედი სწორედ ჰორმუზზე გადიოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა საქონელზე, რომლის ტრანსპორტირებაც ამ სრუტის გავლით ხდებოდა. დონალდ ტრამპმა გააკეთა განცხადება სრუტეზე კონტროლის მოპოვების შესახებ, დააწესა გადასახადი და ასევე გასცა ირანის პორტების ბლოკადის ბრძანება, რაც გავლენას ახდენს როგორც იმპორტზე, ისე ექსპორტზე.
„აქ საქმე გვაქვს ორმხრივ ეკონომიკურ ბლოკადასთან. ერთი მხრივ, დონალდ ტრამპი დაკავებულია მოახლოებული ნოემბრის შუალედური არჩევნებით, თუმცა ვფიქრობ, ის უკვე შეეგუა იმ ფაქტს, რომ ამ არჩევნებს წააგებს. მეორე მხრივ, ფსონები ბევრად უფრო მაღალია, რადგან მთელი ირანის ეკონომიკა შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში ჩამოიშალოს“.
სავარაუდოდ, ამერიკელები სწორედ ამ უკანასკნელ ფაქტორზე დებენ ფსონს.
„ვფიქრობ, მოლაპარაკებებში შექმნილი ჩიხიდან გამომდინარე, ამერიკელებს ბევრი არაფერი დარჩენიათ გარდა იდეისა, რომ ირანის ეკონომიკის კოლაფსი დააჩქარონ“.
არსებობს იმის ნიშნები, რომ ირანსა და აშშ-ს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ, ერთი მხრივ, ირანის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, ხოლო მეორე მხრივ, აშშ-ში გასამართ სადგურებზე ბენზინს ფასი უფრო გაიზრდება, ვიდრე მოლაპარაკებებისთვის რაიმე სივრცე არ გაჩნდება. ასეთი მაღალი ფსონებიდან გამომდინარე, ამ მოლაპარაკებების შედეგს მომხმარებლები მთელი მსოფლიოში განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან.