აშშ-ის ავიაციამ სირიაში ამერიკული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, იარაღის საწყობზე ავიაიერიში მიიტანა
აშშ-ის ავიაციამ სირიაში ამერიკული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, იარაღის საწყობზე ავიაიერიში მიიტანა

ამერიკულმა ავიაციამ სირიაში ამერიკული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არსებულ იარაღის საწყობზე საჰაერო იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „სიენენი“ პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანიას თავდაცვის დეპარტამენტში განუცხადეს, ავიადარტყმები განხორციელდა იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ სამხედრო აღჭურვილობის შეიარაღებული ჯგუფების ხელში მოხვედრა.

„16 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ტერიტორია კოალიციის მთელმა პერსონალმა და მნიშვნელოვანმა ტაქტიკურმა აღჭურვილობამ დატოვა, კოალიციის ორმა „ეფ-15“-მა წარმატებით განახორციელა წინასწარ დაგეგმილი წერტილოვანი ავიადარტყმა ლაფარჯის ცემენტის ქარხანაზე სამხედრო საწყობის გასანადგურებლად და ობიექტის სამხედრო სარგებლიანობის შესამცირებლად“, – განაცხადა აშშ-ის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკმა მაილს კეიგინსმა, რომელიც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო კოალიციის წარმომადგენელია.

როგორც პენტაგონში „სიენენს“ განუცხადეს, ავიდარტყმების დროს სამხედრო ბაზის მიმდებარედ რაიმე სახის ძალები განთავსებული არ ყოფილა.

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა სირიიდან ამერიკული ძალების გაყვანის შესახებ განაცხადა, თურქეთის მიერ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების ფონზე. აღსანიშნავია, რომ სირიელი ქურთები ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ის მოკავშირეები იყვნენ. ლაფარჯის ცემენტის ქარხნის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზა თურქეთის საზღვრის სიახლოვეს, ქალაქებს – ქობანისა და აინ-ისას შორის მდებარეობს.