აშშ-ი რუსეთს ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებული პირების დასჯისკენ მოუწოდებს
აშშ-ი რუსეთს ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებული პირების დასჯისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს ოპოზიციის ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებული პირების დასჯისკენ და მოქალაქეების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმოამდგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა.

„სამი წლის წინ ოპოზიციის ლიდერი ბორის ნემცოვი კრემლის კედლებთან მოკლეს. როგორც რუსული დემოკრატიული მოძრაობის წამყვანმა მოღვაწემ, ყოფილმა გუბერნატორმა, ენერგეტიკის მინისტრმა, ასევე ვიცეპრემიერმა, ბორის ნემცოვმა თავისი ცხოვრება მიუძღვნა საზოგადოების მსახურებასა და მიზანს, გახადოს რუსეთი უფრო თავისუფალი და მდიდარი. მისი ხსოვნა კვლავ შთააგონებს რუს ხალხს და ბევრს სხვას მსოფლიოში, უბიძგებს მათ, მონაწილეობა მიიღონ მძიმე, ზოგჯერ კი საშიშ ბრძოლაში სამართლიანი, დემოკრატიული და პასუხისმგებელი მთავრობისთვის“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, რომ ყველამ, ვინც დაკავშირებულია ამ დანაშაულთან, მათ შორის ორგანიზატორმა და ბრძანების გამცემმა, პასუხი აგოს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვში, კრემლის წინ მდებარე ხიდზე მოკლეს. მას ზურგში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. რამდენიმე დღეში სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხუთი ჩეჩენი დააკავეს. მიმდინარე წლის ივლისში სასამართლომ ხუთივე მათგანი დამნაშავედ ცნო და მათ 11-დან 20-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.